პროვოკაციული ოპტიკური ილუზია

IMG_19481960-იანი წლები ხელოვნების სხვადასხვა პოპულარული მიმდინარეობის დაბადების ათწლეულია. ერთ-ერთი გამორჩეული Op Art ანუ ოპტიკური ხელოვნებაა, რომელმაც ქარის სისწრაფით მოიცვა ხელოვნების ყველა დარგი არქიტექტურიდან დაწყებული, სამოსის დიზაინით დამთავრებული. ოპტიკურ ილუზიას ადამიანის მხედველობის სისტემა შეჰყავს შეცდომაში,  არარსებულის ან რეალურად არსებულის არასწორად წარმოსახვით. ოპ არტის ნამუშევრები ძირითადად შავ-თეთრი ფერებშია შესრულებული, რომელიც მოძრაობის, უხილავი გამოსახულებებისა და ვიბრაციების წარმოსახვას იწვევს. ხშირად, შეცდომით, ოპ არტსა და პოპ არტს ერთმანეთთან აიგივებენ, მაგრამ შემოქმედებითი მსგავსება მათ შორის  არ არსებობს. ჩემი ბლოგი გაგაცნობთ ზოგადად ოპ არტსა და მის გავლენას მოდის ინდუსტრიაზე.

სახელწოდება ოპ არტი პირველად ჟურნალ „ტაიმში“ გამოჩნდა 1964 წელს, თავდაპირველი ნამუშევრების შექმნიდან რამდენიმე წლის შემდეგ. მის წარმოშობას გასული საუკუნის დასაწყისში, რუსეთში დაბადებულ კონსტრუქტივიზმს უნდა ვუმადლოდეთ. 1965 წელს გამართული გამოფენის “The Responsive Eye” (“დამყოლი თვალი“)  დამსახურებით, ოპ არტის პოპულარობამ პიკს მიაღწია. მართალია კრიტიკოსებმა სერიოზულად არ მიიღეს ხელოვნების ახალი მიმდინარეობა და მას უბრალოდ თვალის მატყუარა უწოდეს, მაგრამ მალევე, ამგვარი გამოსახულებები უამრავ კომერციულ კონტექსტში გამოიყენეს. მიმდინარეობის წარმომადგენლის ბრიჯიტ რაილის ნამუშევარი, ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ ტანსაცმლის ნაჭრის დიზაინში უკანონოდ გამოიყენა.

victor Vasarely Vega

Victor Vasarely – Vega

ოპ არტში თავმოყრილია აღქმის განცდები, რომლებიც ხედვის ფუნქციებს ემყარება. ეს დინამიური ვიზუალური ხელოვნებაა,  რომელიც ეფუძნება ფიგურებისა და ფორმის ურთიერთქმედებას. შედეგად ვიღებთ სიბრტყეებს შორის ინტენსიურ და წინააღმდეგობრივ გარდასახვას შავ-თეთრი ან მონოქრომული ნახატებით. სხვადასხვა ფიგურების დინამიური განვითარება ქმნის გამოსახულებებს გარკვეულ ფერებში,  იმის მიხედვით, თუ როგორ ამუშავებს და აღიქვამს  თვალის გუგა სინათლეს. როგორც გოეთე აღწერდა თავის „ფერთა თეორია“-ში – ზღვარზე, სადაც ნათელი და ბნელი ხვდება ერთმანეთს, წარმოიქმნება ფერი, ვინაიდან სინათლე და სიბნელე ორი ცენტრალური ძალაა ფერის შექმნისას.

ოპ არტის ერთ-ერთი პირველი მიმდევარი, შეიძლება  ითქვას ფუძემდებელიც, უნგრელი მხატვარი ვიქტორ ვასარელი იყო. მისი შემოქმედება რამდენიმე სტილს მოიცავს, მაგრამ ყველაზე წარმატებული თეთრისა და შავის კომბინაციით შექმნილი ნამუშევრები აღმოჩნდა. Movement in squares - Bridget Riley - Copyვასარელის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ტილო „ვეგა“ ჯერ კიდევ 1957 წელს შეიქმნა, როცა ტერმინი ოპ არტი არც არსებობდა. კვადრატულ ბადეზე რამდენიმე მრუდე ხაზი იძლევა ჩაღრმავებისა და ამოღრმავების ეფექტს და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არ არის ერთი სიბრტე.  ნახატი გვიჩვენებს საწინააღმდეგო მონაცემებს და ჩვენ აღვიქვამთ მოძრავ  სფეროებს. რეალურად ნამუშევარი დიაგონალებისგან, ჰორიზონტალებისა და ვერტიკალებისაგანაა შექმნილი.

 

Bridget Riley – Movement in Squares

მიმდინარეობის  კიდევ ერთი ცნობილი წარმომადგენელია  ინგლისელი მხატვარი ბრიჯიტ რაილი. რაილის ნამუშევრები გეომეტრიული ფიგურების მრავალფეროვნებაა, რომელიც მოძრაობის ან უხილავი ფერის შეგრძნებას იწვევს. მის პირველ გამოფენაზე წარმოდგენილმა ნამუშევრებმა მნახველებში ზღვის ავადმყოფობისა და ვარდნის შეგრძნება გამოიწვია. 1960 წელს ვენეციის ბიენალეს ფესტივალზე  მხატვარმა მოაწყო ფუტურისტული და ოპ არტის სტილში შესრულებული ნამუშევრების მასშტაბური გამოფენა, ეს უკანასკნელი იმ დროისთვის ახალი და აბსოლუტურად უცხო იყო.

Victor Vasarely Museum

Victor Vasarely Museum

ოპ არტი არქიტექტურაში საკმაოდ საინტერესოდ და დამაბნევლად გამოიყურება, რადგან მისი წარმოდგენა დიდ სივრცეზე ხშირ შემთხვევაში შიშს იწვევს ხოლმე.  ამის ცალსახა მაგალითია „კაფე ვოლი“ მელბურნში.  შენობის ფასადი დიდი შავ-თეთრი ოთხკუთხედებისგან შედგება, რომელიც მოწითალო ხაზებითაა გამოყოფილი. იგი მელბურნის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობათაც კი ითვლება და მის სანახავად უამრავი ტურისტი მიდის.  შენობის შეხედვისას ჩნდება შეგრძნება, რომ ის მოძრაობს და ნაწილებად იშლება. შესაბამისად, ის ადგილობრივებისთვის არც თუ ისე საყვარელი ადგილია. ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობა ვიქტორ ვასარელის მუზეუმია საფრანგეთში. Café Wall Illusionვასარელის სჯეროდა წარმოსახვითი ილუზიისა და არქიტექტურის  ურთიერთობის.  შენობის ფასადი გიგანტური კვადრატული ფილებითაა შემოსაზღვრული, რომელიც მონაცვლეობით თეთრად და შავად შეიღება. მასში მოთავსებული საპირისპირო ფერის წრეები თვალს აღიზიანებს და იწვევს წინაღობას.    შენობის შორიდან ყურებისას ჩნდება ასოციაცია, რომ კვადრატებში ჩაყოლებული ბურთები მონაცვლეობით მოძრაობენ, ხოლო თეთრი ნაწილები დღის განათებაზე თვალისთვის უხილავი ხდება, რადგან მზის სხივების ზემოქმედებით სითეთრეს და ცის  ტონს  თვალი თითქმის ერთნაირად აღიქვამს.  შედეგად გვეჩვენება რომ სიცარიელეში მხოლოდ შავი ბურთებია.

Marc Jacobs Spring 2013

Marc Jacobs Spring 2013

მოდის სფეროში ოპ არტის მოტივებზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კოლექცია წარმოადგინა მარკ ჯეკობსმა 2013 წლის გაზაფხულზე. დიზაინერის მოდელი 60-იანი წლების ქალია. სამოსი სწორი, მარტივი სილუეტისგანაა შექმნილი. კოლექციაში მთავარ როლს  ძირითადად შავი და თეთრი ხაზებისგან შექმნილი  მატერიები ასრულებს.  მარკ ჯეკობსმა ამ ოპტიკური ალუზიით მიიღო ოპტიკური ილუზია. სხვადასხვა სისქისა და ფორმის შავ-თეთრი ხაზებისგან შექმნილმა სამოსმა, მნიშვნელოვანი ნიშა შექმნა არა მხოლოდ დიზაინერის, არამედ მოდის ისტორიაშიც.  “ ახალგაზრდა ქალმა საჭიროა იცოდეს, რომ სექსუალური მიმზიდველობა არ არის მხოლოდ სიშიშვლე“ – განაცხადა კოლექციის შესახებ დიზინერმა. სილუეტებისა და  გამოყენებული მატერიების მიუხედავად, კოლექცია საკმაოდ ტენდენციურად გამოიყურებოდა. მიღწეული ეფექტით მნახველს არ შექმნია შთაბეჭდილება, რომ სამოსი 60-იანი წლების მოდას ეხმიანებოდა. მარკ ჯეკობსის ლუქი ყოველთვის ძლიერი, უნიკალური და შემოქმედებითია. წარსულზე, ისტორიაზე დაფუძნებული, იგი აუცილებლად პასუხობს ტენდენციებს. ჯეკობსმა ოპ არტის  კოლექციიათ დაგვანახა რადიკალური გადასვლა სტილში, 60-იანი წლების ახალგაზრდა  გოგონასა და თანამედროვე, გვიანდელი დეკადის თავისუფალ სულს შორის.

marc-jacobs-spring-2013კოლექციაში მრავლად იყო წარმოდგენილი გრძელი მაისურები, რომლებსაც კაბის დატვირთვა ჰქონდა და ასევე გრძელი, სწორი კაბები, რომლებიც შარვლის ან კომბინეზონის შთაბეჭდილებას ტოვებდა. საზოგადოებისთვის შეთავაზებულ ამ გაუგებრობას ემატებოდა ოპტიკური ილუზია ანუ ოპ არტი, რამაც მაყურებლის თვალის ორმაგი გაღიზიანება და ამავდროულად დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

Untitled collageუამრავ გავლენასთთან ერთად, ოპ არტის ინსპირაცია მკაფიოდ იგრძნობა ალექსანდრ მაკქუინის 2009 წლის შემოდგომის კოლექციაში. სამოსის დრამატულობას უფრო ამძაფრებდა და თვალისმომჭრელს ხდიდა შავ-თეთრი ფერების თამაში. კოლექცია, მეოცე საუკუნის ტენდენციებისა და ქსოვილების სტრუქტურით, მომავლის ქალბატონის ილუზიას წარმოადგენდა. ლუქებში იგრძნობა შანელისა და დიორის მოდის სახლების გავლენაც, მაგრამ ნებისმიერი დეტალის ცალკე ხილვისას, მარტივად აღიქმება ავტორის ხელი. ოპ არტული ილუზიის ხელშეწყობით სხვადასხვა ზომის  ერთი კონკრეტული პრინტი, მაკქუინის აღნიშნულ კოლექციას მართლაც წარმოუდგენლად შთამბეჭდავს ხდის.

Balmain spring 2013შესაძლოა ითქვას, არც მოდის სახლ ბალმენის  ამჟამინდელი კრეატიული დირექტორი, ოლივერ როუსტენია გულგრილი ოპ არტის მიმართ. მის ყოველ კოლექციაში შევხდებით რამდენიმე ლუქს ოპტიკური ილუზიის გამოყენებით.  ბალმენი სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული სამოსით იწონებს თავს, რომელთა შორის მრავლადაა შავ-თეთრი, სხვადასხვა ფორმისა და ზომის გეომეტრიული ფიგურები. ასევე, ოპ არტის გავლენა მკაფიოა ლუი ვიტონის 2013 წლის გაზაფხულის კოლექციაში, იმ განსხვავებით, რომ მის სამოსში  ჭარბობს ფერები და ფიგურებიდან კი მხოლოდ კვადრატებს შევხვდებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ პერიოდში ლუი ვიტონის მოდის სახლს ხელმძღვანელობდა მარკ ჯეკობსი, რომელიც მოდაში ოპ არტის გამოყენების დიდოსტატია. შემოთავაზებული ექვს წუთიანი არტ ინსტალაცია განსხვავებულ ფორმატს წარმოადგენდა და არ იმეორებდა დიზაინერის საკუთარი ხაზის ტექნიკას.   Louis-Vuitton-Spring-2013

Louis Vuitton  Spring 2013

 

21369102_1235907316555255_511489677905536205_n

 

ტექსტი: ივანე ქეშიკაშვილი

ჟურნალი ბომონდის სექტემბრის ნომერი

 

 

 

დონენენეე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s