მარინა აბრამოვიჩი პერფორმანსებისა და ინსტალაციების “ბებია”

Ivaneკონცეპტუალური ხელოვნება, იგივე კონცეპტუალიზმი, ხელოვნების დარგია, რომელმაც გასული საუკუნის 60-იან წლებში იჩინა თავი.  ტრადიციული ხელოვნებისაგან განსხვავებით, სადაც უმთავრესია იდეის გამოხატვა თუ გამოსახვა, არტ-მოღვაწეობის არსი კონცეპტუალიზმში განიხილება თავად კონცეპტში, საგნის, მოვლენის, ხელოვნების ნაწარმოების ფორმალურ-ლოგიკური იდეაში, მის კონკრეტულ პრეზენტაციასა და დოკუმენტურად გადმოცემულ პროექტში.  ავანგარდის ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანი მიმდინარეობა დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. დღესდღეობით ყველა წამყვან გალერეაში, მუზეუმსა თუ მოდის კვირეულზე შევხვდებით სხვადსხვა კონცეპტუალურ არტ-პერფორმანსსა და ინსტალაციას.

ჩემი ბლოგი და ჟურნალი ბომონდი ამჯერად წარმოგიდგენთ არტ-პერფორმანსებისა და ინსტალაციების ბებიად წოდებულ, წარმოშობით იუგოსლავიელ ხელოვანს მარინა აბრამოვიჩს. მისი შემოქმედება ერთგვარი ექსპერიმენტია ადამიანის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების საზღვრების შესწავლაში და გვიჩვენებს თავად ავტორის ფიზიკურ და ფსიქიკურ კონცენტრაციას.

6a00d8341c630a53ef0153929fb2d5970b

მარინა აბრამოვიჩმა პირველად 1970-იან წლებში დაიწყო პერმორმანსებზე მუშაობა და თავისი შემოქმედების მთავარ ობიექტად საკუთარი სხეული გამოიყენა. კარიერის განმავლობაში სრულად მიუძღვნა თავი  საქმეს და ხელოვნებისთვის არაერთხელ ჩაიგდო სიცოცხლე საფრთხეში.  მან შექმნა სოციალისტური იუგოსლავიის  პოლიტიკური კლიმატის წინააღმდეგ საპროტესტო პერფორმანსების მთელი სერია, რომელშიც თავსაც და მაყურებელსაც ექსტრემალურ პირობებში აყენებდა.

7ec57ea8411bff75e722c5eb4d4e31401973 წელს არტ-ინსტალაციისას „რიტმი 10“, რომლის პრეზენტაციაც ედინბურგის ფესტივალზე შედგა, აბრამოვიჩი თეთრ იატაკზე იჯდა ოცი სხვადასხვა ზომის დანისა და ხმის ჩამწერი აპარატების გარემოცვაში. იგი რაც შეიძლება სწრაფად ირტყამდა დანას თითებშუა და როცა სისწრაფისგან ხელში ერჭობოდა, აგრძელებდა იგივეს მომდევნო დანით, იარაღის სრულ ამოწურვამდე. ბოლოს კი, გადაახვია ჩანაწერი და შეეცადა ჩაწერილი ხმები და ქმედებები გაემეორებინა. “როდესაც შენ იყენებ პერფორმანსის სტრუქტურას, შეგიძლია უბიძგო შენს სხეულს გააკეთოს ისეთი რამ, რაც ჩვეულებრივ გარემოში აბსოლუტურად არანორმალურად აღიქმება და ვერც გააკეთებდი” – განმარტავდა ავტორი.

 

1974 წელს გამართულ „რიტმ 2“-ში კი მნახველთა თვალწინ  ძლიერმოქმედი ფსიქოტრობული მედიკამენტების დიდი დოზა მიიღო. იმავე წელს „რიტმი 5“-ის პრეზენტაციის დროს, პერფორმერი ცეცხლმოკიდებულ ხუთქიმიანი ვარსკვლავის კონსტრუქციაში იმყოფებოდა, სადაც მშვიდად დაიჭრა ხელისა და ფეხის ფრჩხილები, შემდეგ შეიჭრა თმა და ცეცხლში ჩაყარა. ფინალში კი კონსტრუქციის ცენტრში დაწვა. ვარსკვლავი კომუნისტურ სიმბოლოს უკავშირდებოდა, რომლის დაწვითაც ფიზიკური და სულიერი განწმენდა ხდებოდა.  ნახშირორჟანგმა და გამონაბოლქვმა  აბრამოვიჩს გონება დაუკარგა, რასაც ცეცხლის ჩაქრობამდე ვერავინ მიხვდა. მოგვიანებით ინტერვიუში განაცხადა, რომ სწორად  ვერ გათვალა სხეულის ლიმიტი და ამას თავს ვერ პატიობდა.

98.5214_ph_web


„თუკი შენ კარგავ ცნობიერებას, შენ ვერ იქნები აწმყო, შენ ვეღარ მოახდენ წარდგენას


ამ ექსპერიმენტების კულმინაცია იყო ნეაპოლის მორას გალერეაში წარმოდგენილი „რიტმი 0“, რომლის დროსაც ავტორმა მნახველებს შესთავაზა 72 ნივთი, რომლის გამოყენებაც თავისი სურვილისამებრ შეეძლოთ. არტისტმა  6 საათის განმავლობაში თავის სხეულზე მანიპულირების უფლება მისცა სტუმრებს. თავიდან ყველა ფრთხილად და მორიდებით ეპყრობოდა, მაგრამ როდესაც აღიქვეს ობიექტის პასიურობა, მონაწილეებიც და ატმოსფეროც  უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა. უჭრიდნენ ტანსაცმელს, არჭობდნენ ბასრ ნივთებს და ერთმა თავში იარაღიც კი დაუმიზნა, რომელიც სასწრაფოდ ჩამოართვეს. დაგეგმილი 6 საათის გასვლის შემდეგ, პერფომერი ადგა და წავიდა ხალხისკენ, რომლებმაც  სწრაფად დატოვეს სივრცე რეალური კონფრონტაციისაგან თავდასაცავად. აღნიშნული გამოცდილების საფუძველზე აბრამოვუჩმა განაცხადა, „თუ ხალხს მივანდობთ გადაწყვეტილებას, შეიძლება მოგკლან“. მომდევნო წელს პერფორმანსში „თომას ტუჩები“ მან მუცელზე ბრიტვით ამოიკაწრა ვარსკვლავი და სისხლიანი ჭრილობებით იწვა ყინულზე.

larger

1975 წელს მარინა აბრამოვიჩი საცხოვრებლად ამსტერდამში გადავიდა, სადაც გაიცნო მხატვარი ულაი /უვე ლაისიპენი/, ცხოვრების თანამგზავრი და შემოქმედებითი პარტნიორი 12 წლის განმავლობაში. მათ პირველი ერთობლივი ნამუშევარი „ურთიერთობა სივრცეში“ წარმოადგინეს 1976 წელს ვენეციის ბიენალეზე. ისინი შიშვლელები დიდი სისწრაფით გარბოდნენ ერთმანეთისკენ და მთელი ძალით ეჯახებოდნენ. მათ სურდათ ქალისა და მამაკაცის ენერგიის გაერთიანებით შეექმნათ რაღაც მესამე, რასაც ისინი უწოდებდნენ „Thatself“. 1977 წელს ბოლონიაში გამართულ პერფორმანსების ფესტივალზე მათ მიერ დადგმული 6 საათიანი „უწონადობა“, 3 საათის შემდეგ პოლიციის ჩარევით შეწყდა. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ავტორებმა მუზეუმის შესასვლელი კარი საკუთარი შიშვლები სხეულებით წარმოადგინეს. შემსვლელები მათ შორის არსებულ ვიწრო სივრცეში პირდაპირ ვერ ეტეოდნენ, ამიტომ თავად  უნდა აერჩიათ რომელიმე ხელოვანი და მისკენ პირისპირ შებრუნებულებს უნდა გაევლოთ. მათი ცნობილი ინსტალაცია “კომუნისტური სხეული, კაპიტალისტური სხეული” კი აპროტესტებდა ადამიანების შორის იდეოლოგიურ ბარიერს. მარინა აბრამოვიჩისა და ულაის ერთობლივი მუშაობა სცდიდა ადამიანის სხეულის ფიზიკურ ლიმიტებს, იკვლევდა ქალისა და მამაკაცის პრინციპებს, ფიზიკურ ენერგიას, ტრანსცენდენტალურ მედიტაციასა და არავერბალურ კომუნიკაციას. მათი სხეული სწავლობდა, რომ ყოველთვის ყოფილიყო კონცენტრირებული.

934184122

ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა უამრავი წარმატებული ერთობლივი ნამუშევრის შემდეგ, როგორებიც იყო „ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა“, „ააა-ააა“, „სიმშვიდის ენერგია“, „ურთიერთობა მოძრაობაში“, მათი კოლაბორაცია 1988 წელს დასრულდა პერფორმანსით „დიდ კედელზე მსვლელობა“.  ამ იდეის შესასრულებად, თანხმობას  ჩინეთის მთავრობისაგან  8 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩინეთის დიდი კედელი  თავისი მეტაფიზიკური მნიშვნელობით ირმის ნახტომის ზუსტ ასლს წარმოადგენს დედამიწაზე, რადგან იწყება ყვითელ ზღვაში, კუდი აქვს გობის უდაბნოში, ტორსი კი მთებში. ულაიმ, როგორც ცეცხლის სტიქიამ და მამაკაცურმა საწყისმა, მსვლელობა დაიწყო უდაბნოდან. მარინამ კი, როგორც წყალმა და ქალურმა საწყისმა – ზღვიდან. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ისინი უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს კედლის შუაში და დაქორწინებულიყვნენ. მაგრამ იმ პერიოდის განმავლობაში ვიდრე პროექტი ბოლომდე განხორციელდა, ბევრი რამ შეიცვალა და ეს მათი ბოლო პერფორმანსი აღმოჩნდა. ორივე ხელოვანმა ერთმანეთთან შესახვედრად 2500 კილომეტრი გაიარა იმისთვის, რომ დაშორებულიყვნენ და ცალ-ცალკე გაეგრძელებინათ ცხოვრება და მოღვაწეობა.

1997 წელს აბრამოვიჩის ნამუშევარმა „ბალკანური ბაროკო“ ვენეციის ბიანელეს მთავარი პრიზი „ოქროს ლომი“ დაიმსახურა. ხელოვანი 4 დღის განმავლობაში ასუფთავებდა ხორცისაგან და წმენდდა სისხლს 2,5 ტონა საქონლის ძვლებს და თან მღეროდა ბალკანურ ხალხურ სიმღერებს.

ABRA970001

მარინა აბრამოვიჩის ყველაზე დიდი რეტროსპექტივა სახელწოდებით „არტისტი აწმყოა“ შედგა 2010 წელს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. დიდი დარბაზის ცენტრში ერთმანეთის საპირისპიროდ მდგარი სკამებიდან ერთზე  იჯდა ხელოვანი, ხოლო მეორეზე ნებისმიერ მისულ სტუმარს შეეძლო მოთავსებულიყო და განუსაზღვრელი დროით ეყურა  თვალებში. პერფორმანსი 736 საათი და 30 წუთი გრძელდებოდა და ჯამში ავტორს 1500-ზე მეტმა ადამიანმა ჩახედა თვალებში. ბევრი 10 წუთზე მეტს ვერ ჩერდებოდა და ტირილს იწყებდა, ზოგი  ცუდად გახდა. ასეთმა მგრძნობიარე არტ-ინსტალაციამ მონაწილეებში ემოციების დიდი მოზღვავება გამოიწყვია, რადგან თვალები ადამიანის სულის სარკეა და მთელი მისი ბუნებისა და სიღრმის შემცველი.

how_performance_art_took_over_the_art_world_900x450_c

გოგონა, რომელიც 14 წლის ასაკში რუსულ რულეტკას თამაშობდა დედის რევოლვერით, რომელიც მთელი ბავშვობა, ბრიჯიტ ბორდოს მსგავსი ცხვირის ოცნებაში, ცდილობდა ცხვირი გაეტეხა, რომ მშობლებს მისთვის პლასტიკური ოპერაცია გაეკეთებინათ,  რომელიც ოცნებობდა მოიერიშე თვითმფრინავით ეფრინა, რომ ცა კვამლით შეეღება, რომელიც ბელგრადიდან გაქცეული ქსოვით ირჩენდა თავს, რომელმაც მთელი წელი იცხოვრა ავსტრალიაში აბორიგენებთან, რომელმაც გამოზარდა დაობლებული ჩვილი კენგურუ და დედობა მხოლოდ მაშინ შეიგრძნო,  უკვე 71 წლის, მაგრამ ისევ ისეთი ამოუცნობი და კრეატიული  გოგონაა და შეკითხვას, რომ თუ არა ვამპირი, როგორ ინარჩუნებს ასეთ ახალგაზრდულ ხიბლს,  ხუმრობით პასუხობს, რომ ბალკანელები არასდროს ბერდებიან.

ტექსტი: ივანე ქეშიკაშვილი

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s