LIYA – თანამედროვეობისა და ქალურობის კომბინაცია

 

DSC_0557ქართველი დიზაინერი ლია  გოგლიძე ბრენდ Liya-ს უკვე ორი სეზონია წარმატებით წარმოადგანს. ახალბედა მოდელიერი  თბილისში დაიბადა და სწავლა ევროპის, კერძოდ ფლორენციის პოლიმოდას ხელოვნების აკადემიაში გააგრძელა. კვალიფიკაციის ასამაღლებლად ლიკამ მილანსა და ვენაში განაგრძო სწავლა და მხოლოდ განათლების დასრულების შემდეგ შექმნა ბრენდი.  რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მის პირველივე კოლექციაში აისახა. ბრენდზე ბევრი დაიწერა უცხოურ პრესაში. ასევე აღსანიშნავია Liya-ს საყურეები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

როგორც დიზაინერი გვიყვება, გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის მთავარი ინსპირაცია  80-იანი წლების ბოლო პერიოდის მოდაა. კოლექცია საქმიან ქალს განასახიერებს, რომელიც სინაზითა და ქალურობით გამოირჩევა.

 

Liya  რამდენიმე სეზონია მოდის კვირეულებზე გამოჩნდა და ახალბედა დიზაინერად ითვლება. მოგვიყევით რატომ გადაწყვიტეთ სამოსის ბრენდის გაკეთება და რამ შეგიწყოთ ხელი?

ბავშვობაში ვენის სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას ვფიქრობდი, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო გადავიფიქრე. მინდოდა დაახლოებით იგივე მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა და ჩავაბარე ფლორენციაში, პოლიმოდას აკადემიაში, სადაც მოდის დიზაინს ვსწავლობდი. ევროპაში, სხვადასხვა ადგილას მივიღე სამუშაო გამოცდილება და საბოლოოდ, მაინც საქართველოს დავუბრუნდი. ბრენდის დაფუძნებაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა გარემომ. საქმის წამოწყების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც ჩემი მეგობრები, ასევე აღნიშნული სფეროს წარმომადგენლები.

LIYA3

როგორია Liya-ს მანდილოსანი?

LIYA თანამედროვე, საქმიანი მანდილოსანია, რომელსაც ყოველდღიურად, სამუშაო გარემოშიც კი გემოვნებიანად აცვია.  ის,  რთული გრაფიკის მიუხედავად, ყოველთვის ინარჩუნებს ელეგანტურობასა და სინაზეს.

რა იყო ახალი კოლექციის ინსპირაცია და რა პრინციპით შეარჩიეთ ფერები და მატერია?

ზოგადად, გაზაფხული-ზაფხულის შეგრძნებაა. ჩვენ უკვე არსებული სტილი გადავათამაშეთ სამხრეთ საფრანგეთის 60-იანი წლების ტენდეციებით. ჰაეროვანი ქსოვილები, პასტელური ფერები და სამოსი გაფორმებულია ვალანებით.

LIYA5

კოლექციის შექმნისას ითვალისწინებთ თუ არა ამა თუ იმ სეზონის ტენდენციებს?

ტენდენციებს მიზანმიმართულად არ მივსდევთ, თუმცა კოლექციის შექმნის პროცესში გარკვეულ როლს მაინც თამაშობს.  გარდაუვალია მოდის ძირითად მიმართულებებს გვერდი აუარო, მაგრამ ბრენდის პერსონალურ ხაზს არ უნდა გადაუხვიო.

თქვენი კოლექცია წარმოდგენილი იყო Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში. როგორი რეზონანსი მოჰყვა უცხოელი სტუმრებისა და პრესისგან?

LIYA4LIYA-ს კოლექციის ჩვენებას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენების დროს ჩამოსული სტუმრებისაგან. კოლექციის ნახვა შეგეძლოთ, როგორც ცნობილი ჟურნალების ვებ-გვერდებზე, ასევე გავრცელებულ სოციალურ ქსელებში „Facebook”-სა და“Instagram“-ზე. ცნობილი ქუჩის მოდის ფოტოგრაფების ფოტოების სოციალურ გვერდებზე გამოჩენამ, სადაც სხვადასხვა ადამიანები ატარებენ LIYA-ს სამოსს და განსაკუთრებით საყურეებს, ძალიან გაზარდა  მოთხოვნა პროდუქტზე და გამოიწვია ბრენდის საკმაოდ მცირე დროში პოპულარიზაცია.

აქვს თუ არა Liya-ს კოლაბორაციები და რა აზრის ხართ სხვადასხვა ბრენდთან თანამშრომლობაზე?

მოცემულ ეტაპზე კოლაბორაციები არ გვაქვს, თუმცა სამომავლოდ არ გამოვრიცხავთ თანამშრომლობას სხვადასხვა ბრენდთან.  მოდის სამყაროში, ყოველთვის საინტერესო და რაღაც დოზით აუცილებელიცაა ამა თუ იმ დიზაინერთან ან არტისტთან ერთად მუშაობა.

LIYA6

რომელია თქვენი ფავორიტი ქართველი და უცხოელი დიზაინერი?

ბევრი ქართველი დიზაინერის ნამუშევრები მომწონს, მაგრამ კონკრეტულად დასახელება გამიჭირდება. უცხოელებიდან ძალიან უპირატესობას ვანიჭებ იმ არტისტებს, რომლებმაც მოახდინეს არსებული ბრენდების რეაბილიტაცია, მაგალითად ტომ ფორდი და ფიბი ფილო.

დაიწყეთ თუ არა მუშაობა ახალ კოლექციაზე და როდის შეძლებს საზოგადოება მის ხილვას?

დიახ, სამუშაო პროცესი დაწყებულია, აქტიურად ვემზადებით შემოდგომა-ზამთრის ჩვენებისთვის. განახლებული კოლექციის ხილვას ქართველი და უცხოელი საზოგადოება შეძლებს მაისში, კვლავ მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში.

რა არის Liya-ს სამომავლო გეგმები?

რა თქმა უნდა ჩვენი სამომავლო გეგმაა უფრო გავიზარდოთ როგორც ბრენდი და გავხდეთ ბევრად უფრო ცნობადი და მოთხოვნადი მსოფლიო ბაზარზე. ეს ბრენდის წარმატებისთვის გარდაუვალი კომპონენტებია.

 

Text: Ivane Keshikashvili

Photo: GRIGOR DEVEJIEV

Mua: Regini Make-up

Model: Mariam Budagashvili

LIYA2

 

 

 

Advertisements