რია ქებურიას აბსტრაქტული სპექტაკლები

Ivane

ჩემი ბლოგი და ჟურნალი “ბომონდი” წარმოგიდგენთ ქართველ დიზაინერსა და პერფორმერს რია ქებურიას, რომელმაც მოდიდან და პოდიუმიდან, არტინსტალაციებსა და პერფორმანსებში გადაინაცვლა. ის დაწვრილებით გვიყვება, რამ შეუწყო ხელი, გამხდარიყო გალერისტი და ემუშავა კოლაბორაციებზე სხვადასხვა დიზაინერთან. მის სახელს მსოფლიოს ბევრ პრესტიჟულ გამოცემაში ვხვდებით. რია გვიამბობს თავის ბოლო პერფორმანსზე, რომელიც “მერსედეს-ბენცის” მოდის კვირეულზე წარმოადგინა თბილისსა და მოსკოვში.
– რია ქებურია გახდა გალერისტი და მიატოვა საკუთარი დიზაინერული ხაზი. რატომ მოხდა ასე და რამ შეგიწყო ხელი, გამხდარიყავი არტისტი.

– ალბათ არტისტი ხმამაღალი ნათქვამია, არ ავსულვარ ჯერ ამ საფეხურამდე, მაგრამ ნელ-ნელა მივიწევ. ჩემს დიზაინერულ ხაზს ყოველთვის ჰქონდა საკუთარი ისტორია. როგორც აღვნიშნე, ჩემი პირველი კოლექცია, ქართველ ქალზეა და საფუძვლად უდევს “ქართველი ქალის” ისტორია. ეს სამოსი საკუთარი ხედვით შევქმენი და არ იყო კომერციული. უამრავი სხვადასხვა ელემენტი, აღნიშნულ ისტორიას უსვამდა ხაზს. დიზაინერი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს სამოსი, კარგად მართავს და იცის მისი სწორად ტარება. ჩემი შემოქმედების არსი იყო, რომ ბოლომდე მომეყოლა ესა თუ ის ამბავი. იმ შემთხვევაში, ეს წარმოდგენილი იყო სამოსით, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, დახატავ, დახაზავ თუ ტრაექტორიის მიხედვით მოყვები. უამრავი განსხვავებული გზა და ხერხი არსებობს, რომ მთელი ეს ამბავი გახადო რეალიზებული. მოდის ინდუსტრიაში გატარებულმა დრომ შემძინა დიდი გამოცდილება, საკუთარი თვალით დამანახვა ყველა თანამდევი პროცესი, იქნებოდა ეს კერვა, შესყიდვები, გაყიდვები და მივხვდი, რომ ეს რუტინა ყველანაირად უარყოფდა და ხელს უშლიდა ჩემს რეალურ არსს და იმ გადმოსაცემ ამბავს, რისთვისავ ვიღვწოდი.

0D9A7012 cop2y

რეალურად მოდა არის ცალკე ინდუსტრია, თავისი მკაცრი წესებით და თუ მას არ მიჰყვები და არ ითვალისწინებ, ვერ იქნები წარმატებული და ვერც გაიმარჯვებ. მე მსურდა ისტორიის ჩემებურად, მაქსიმალურად კრეატიულად მოყოლა, მაგრამ სამუშაო პროცესში წინა პლანზე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები წამოიწევდა ხოლმე, ქსოვილების შერჩევა, წარმოება, მაქსიმალურად მეტი შეკვეთის მიღება და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი არ იყო ის, რის გამოც მოდას დავუკავშირდი. ბრენდი “რია ქებურია” ჩემი სულიერების ნაწილი არ იყო. ჩემს მენეჯერ გურამ გვასალიასთან თანამშრომლობის შემდეგ რამდენიმე ჩვენება გავმართე და მივხვდი, რომ მერჩია, ვყოფილიყავი მთხრობელი ანუ ე.წ. სთორი თელერი. ბევრი იდეა მქონდა და ამდენ პროდუქტს მარტო ვერ შევქმნიდი. შესაბამისად, უნდა მეპოვა მეთოდი, რომლის საშუალებითაც მოვყვებოდი ჩემს ილუზიასთან ახლოს მდგომ ამბავს და ჩამოვაყალიბედი Ria Keburia Gallery. ამ იდეის გაჩენისთანავე, გავყევი კოლაბორაციის მეთოდს და ხშირად მივმართავ პირდაპირ თუ არაპირდაპირ თანამშრომლობას სხვადასხვა ბრენდთან.ვინაიდან გავხდი გალერისტი, ადამიანი, რომელმაც უნდა გაყიდოს არტისტების პროდუქტი, პირველ რიგში წავედი ლონდონში და სწავლა მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით გავაგრძელე. შემდეგ ყველაფერი დაიწყო პარიზიდან, მას მოჰყვა მოსკოვი, ბერლინი და ბოლოს თბილისი.

– იყო თუ არა საქართველოში შენ მიმართ ინტერესი და როგორ მიიღო ქართველმა საზოგადოებამ შენი შემოქმედება, დაწყებული ჩვენებებით და დამთავრებული პერფორმანსებით?

– ამისთვის დიდი გზა გავიარე. პერფორმანსების კეთება მხოლოდ ერთი წელია დავიწყე. მიმაჩნია, რომ მანამდე ასე ზუსტად ვერ გამოვხატავდი ჩემს იდეებსა და ილუზიებს, მაგრამ ამისდა მიუხედავად, ყოველთვის იყო დაინტერესება და თანამშრომლობის შემოთავაზება პარიზიდან და შემდეგ ბევრი კარგი შედეგი.
ვხედავდი, რომ პოდიუმზე მოსიარულე ჩემი პერსონაჟები იყვნენ გადატვირთულები და გადაპრანჭულები. მხოლოდ ეს სვლა არ უხდებოდა ჩემს კონცეფციას და ვერ ვხვდებოდი პრობლემის არსს. სხვადასხვა მოდის კვირეულზე შოუებს ვაწყობდი და რეალურად, ეს არ იყო დასრულებული პროდუქტი. რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ პერსონაჟებს, რომლებიც ჩემს გონებაში ჩნდებოდნენ, უკვე ჰქონდათ თავიანთი როლი, დინამიკა, გარკვეული მორალი და ცხოვრება. პოდიუმზე კი, ეს ყველაფერი იკარგებოდა და რჩებოდა მხოლოდ ვიზუალი, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება კომერციულ მიზნებს. ჩემი პერსონაჟები კი რეალურად არ იყვნენ პოდიუმისთვის განკუთვნილნი და თავადაც ნაკლებად მაინტერესებდა კომერციული მოდა. მინდოდა წარმომედგინა არტპერფორმანსები ფეშენის გავლენით. გამოცდილებამ ცხადყო, რა დიდი ძალა აქვს ვიდეოარტს. როცა გადავწყვიტე, რომ ჩემი ბრენდი გადაქცეულიყო გალერეად, დავხვეწე გადმოსაცემი ამბები. არ გამოვტოვე არც ერთი სეზონი მოდის კვირეულებზე და ნაბიჯ-ნაბიჯ, ექსპერიმენტებით მივაღწიე Ria Keburia Gallery-ს. საქართველოს მხრიდან დიდი ინტერესი იყო, რადგან ჩვენს ქვეყანაში არ არის ბევრი არტისტი, რომელიც არტინსტალაციებს აკეთებს. უკვე დიდი ხანია, ვთანამშრომლობ “მერსედეს- ბენც” თბილისის მოდის კვირეულთან და უკვე ორი წელია, წარმოვადგენ პერფორმანსს.

_MG_9125

– ხშირად გვინახავს სხვადასხვა ცნობილ გამოცემაში, რომ რია ქებურია საუკეთესო ქართველი დიზაინერების სიის სათავეშია დემნა გვასალიასა და დევიდ კომას შემდეგ. შენი აზრით, რამ განაპირობა ეს წარმატება, როცა ასეთ კონკურენტლულ სფეროში მოწინავე პოზიციაზე ხარ. რამ მოხიბლა საზოგადოება, შენმა კომერციულობამ, განსხვავებულობამ თუ პერფორმანსებმა?

– კომერციულობამ ყველაზე ნაკლებად. ალბათ უფრო ჩემმა ისტორიებმა. კარიერის დასაწყისში ნაკლებად ვფიქრობდი კომერციაზე, თუმცა რეალურად, ყველაზე კარგად ის კოლექციები გაიყიდა. ჩემი შემოქმედება, “მე რია ქებურია”, როგორც აღვნიშნე, არის ჩემს პირველ კოლექციებში. შემდეგ უკვე არის სხვადასხვა ადამიანის მიქსი და ცოტა მანიპულაციები, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ჩემს ისტორიაში რჩება და ალბათ ის რომ არ გამომეცადა, ვინც ვარ, ის არ ვიქნებოდი. კოლექციების გასაფორმებლად არტისტულ აქსესუარებს ვაკეთებინებდი, რომელსაც ზუსტად ვიცოდი, რომ ვერ გავყიდდი. საბოლოოდ, ასე არ მოხდა, სწორი შეფუთვით არაკომერციული აქსესუარებიც გავყიდე, რამაც გამაკვირვა. მე ვიპოვე ის მეთოდები თუ როგორ ვატრიალო და წარვმართო ჩემი ისტორიები. ალბათ ყველაფერ ამის დამსახურებით გავხდი ის არტისტი, ვინც მოხვდა ამ სიებში.

– ბოლო ოთხი სეზონია, შენს შემოქმედებაში ჭარბობს კოლაბორაციები. ბევრ წარმატებულ, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბრენდთან თანამშრომლობ. თუ გამოარჩევ რომელიმე მათგანს და აღნიშნული კოლაბორაცია ერთ კონკრეტულ პერფორმანსს ემსახურება თუ ხშირად ერთსა და იმავე ბრენდთან მუშაობ?

_MG_9181– ეს არ არის ერთჯერადი კოლაბორაციები და ჩემს ახლობელ ადამიანებს ავუხსენი, თუ რატომ მივმართავ მას ასე ხშირად. უპირველესად, ვირჩევ ადამიანს, რომელიც ვთვლი, რომ ძალიან მიხდება პიროვნულად და მისი ახლოს გაცნობა მინდა, შემდეგ ეს პიროვნება შემომყავს ჩემს გარემოში. ამ ორი ენერგიის ცვლა მაძლევს დიდ შემოქმედებით ძალას. იმიტომ რომ, პირველ რიგში, მათგან მჭირდება ჩვენი თანამშრომლობის პროდუქტი, რომელსაც ვქმნით და რომელსაც აქამდე არ უარსებია. ეს არის გალერეის ხიბლიც, როდესაც რაღაც პროდუქტი იქმნება მხოლოდ ამ კონკრეტულისთვის. როგორც კოლექციონერი, ვაგროვებ ნიმუშებს და ვაწყობ აუქციონს, რომელიც სერიულად გაყიდის მოგროვებულ მასალას. ეს არის გალერეის კომერციული მხარის მთლიანი კონცეფცია.

– შენს პერფორმანსებს უკვე მოდის კვირეულის გარეთა, სხვადასხვა სივრცეში ვნახავთ?

– უკვე თავისუფალი ვარ დოგმებისგან – გაზაფხული-ზაფხული, შემოდგომა-ზამთარი. ეს არის ჩემი ილუზიები და როგორც კი ახალი იდეა მიჩნდება, ვცდილობ, მოვყვე. ამან მომცა დიდი სულიერი თავისუფლება. რადგან ჩემი იდეების უფრო ხშირად განხორციელება შევძელი და ეს როგორც არტისტს, უფრო რეალიზებულს გამხდის. პარალელურად პიარსა და თითოეული მასალის გაშუქებაზე ვფიქრობ. მაქსიმალურად ვცდილობ, კოლაბორაციის პროცესს დეტალურად მოვყვე, რადგან მხოლოდ პროცესში ჩანს, როგორ მუშავდება ყველაფერი ერთად. ვუსმენ სათითაო არტისტს, რადგან მათში აღმოვაჩინო ახალი, განსაკუთრებული იდეა ან უცხო ექსპერიმენტი. ეს არის რაღაც გაზიარებული ნიჭი, მიზნები, რომ შეიქმნას საინტერესო მონათხრობი.

_MG_9223

– შენი ბოლო პერფორმანსი, სახელწოდებით “Dom Moi Mili Dom”, “მერსედეს-ბენცის” მოდის კვირეულის ფარგლებში ვიხილეთ. რა იყო ინსპირაცია ან ამ სახლით ხომ არ შექმენი ის სულიერი გარემო, რაც რეალურად გინდა, რომ გქონდეს?

– ძირითადად ლონდონის ქუჩებში სეირნობისას მოდის ინსპირაცია და ხედვები. ვხედავ, ჩემი პერსონაჟები როგორ ქმნიან ამ ნივთებს. ეს ავხსენი ჩემებურად, რომ ერთადერთი ადგილი, რომელიც ბოლომდე მეკუთვნის, არის ჩემი გალერეა, იმიტომ, რომ ფიქრებით მუდმივად იქ ვარ, ვერ გამოვდივარ და ის არის ჩემი სახლი. არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც აქვს თავისთვის მოწყობილი მყუდრო ადგილი. სულ ვმოძრაობ. ამიტომ მგონია, რომ რაღაცას მოწყვეტილი ვარ და “Dom Moi Mili Dom”-ს ბოლომდე ვეკუთვნი. ეს არის სიურრეალისტური ადგილი, რომელიც შექმნილია ჩემი პერსონაჟებისა და კოლაბორაციებისგან, რომლებიც ქმნიან ჩემთვის მყუდრო სივრცეს. ის გენდერული თანასწორობა, რომელიც ყოველთვის იგრძნობა და ნებისმიერი საჭირო ობიექტი, დივანი, საწოლი, ყველა ერთნაირად მიყვარს და ყველას ერთნაირი ძალა აქვს ჩემთვის. ეს არის ის ადგილი, რომელიც მხოლოდ ჩემი სახლია.

_MG_9204– აღნიშნულ პერფორმანსში თავადაც მონაწილეობდი და სცენაზე პირველად გამოჩნდი როგორც პერსონაჟი. რა გრძნობა იყო და რატომ გადაწყვიტე, რომ მოქმედი პირი შენც ყოფილიყავი?

– ეს პერფორმანსი ჩემ გარეშეც შეიძლებოდა გაკეთებულიყო. მაგრამ ეს იყო ექსპერიმენტი, შევძლებდი თუ არა გამოსვლას როგორც პერფორმერი, რომელიც მიმაჩნია, რომ იდეალურად უხდებოდა თემატიკას. მოვსინჯე, იყო თუ არა ეს ის გარემო, სადაც შევძლებდი, რომ მეცხოვრა. ჩემმა მონაწილეობამ ბოლომდე დაამტკიცა, რომ ეს ილუზიები არის ჩემი, რაც იყო მთავარი ბიძგი. ამით არ იგულისხმება, რომ თემატიკის მიუხედავად, შემდგომ პერფომანსზეც ვიქნები. აღნიშნულ შემთხვევაში, ეს იყო ჩემი სახლი და თავს უფლება მივეცი, რომ გამოვსულიყავი როგორც ისტორიის ნაწილი.

– “Dom Moi Mili Dom” გადაწყვეტილია ღია, აქრომატულ ფერებში, თეთრისა და ნაცრისფრის ტონალობაში. ახალ კოლექციაზე ფიქრისას, მიმართავ თუ არა ტენდენციებს?

– არ გამითვალისწინებია და არ მიმიცია კონკრეტული ფერი ჩემი დიზაინერებისთვის, ერთად განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, თუ როგორი სახლი შეიძლებოდა ყოფილიყო. დავიწყეთ ინსპირაციებიდან, არტისტების სხვადასხვა ნაშრომიდან გავაკეთეთ მუდბორდი და იმის მიხედვით შევქმენით კოლექცია. ეს სახლი არის ერთობლივი ძალებით შექმნილი და წინასწარ ზუსტად ვერ განვსაზღვრავდით, როგორი გამოვიდოდი და სწორედ ესაა ინტრიგა. მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ამ სახლში იქნებოდა ჩემთვის მისაღები სულიერი გარემო და ყველაზე მეტად ეს მსიამოვნებდა.
_MG_9396

– რა სამომავლო გეგმები გაქვს და როგორი კონცეფციით განავითარებ ღია Keburia Gallery-ს.

– დაინტერესებული ვარ “მერსედესის ” მოდის კვირეულებში მონაწილეობაზე, რადგან ვთვლი, რომ არის დიდი საფეხური. მე ვქმნი უფრო კონცეპტუალურ არტპერფორმანსებს და ბევრ გალერეას აინტერესებს ჩემი ხედვა. ბევრ საინტერესო პროექტზე ვმუშაობ, რომლის პრეზენტაციაც მალე იქნება. მომავალს რაც შეეხება, არ ვიცი, სად ვიქნები ორი წლის შემდეგ. ჩემი მიზანია, გავაკეთო დიდი არტაუქციონი, სადაც ჩემი ყველა არტისტი წარმოდგენილი იქნება უამრავი კოლექციონერის, ბაერისა და ხელოვნების მოყვარულის წინაშე.

Text: Ivane Keshikashvili

Photo: Alina Usmanova
Designers: ANYA MOKHOVA, MARUSIA NUZAUVTSOVA, MUZARADI, LEATHER LIKE WOOD.

Advertisements